Dato Magradze (დათო მაღრაძე)
ამარკორდი ფიქრის გორაზე
Sprache: georgisch
Übersetzungen:
deutsch („Amarcord” auf Pikris-Gora1)
ამარკორდი ფიქრის გორაზე
ანუ სალამი ყველას და ტონინო გუერას
უცვლელად, ხელი არ ახლეს
სცენარის წვრილმანს უდიდესს, -
ანიშნებს გრაფის სასახლეს,
კესონურ ჭერზე უთითებს.
ჭერის ლაქები ნაქები
ბოთლის შადრევნის ქაფია,
მახსოვს გრაფების ნაგები
სასახლის ბიოგრაფია.
...თბილისის ფერისცვალება
რა პინას ავაწონინო,
მისკენ ყელგაწვდილ ქალების
განცდით ნათქვამი: - ტონინო...
მიტოვებული ნაპირის
პროვინციული ამბავი,
და გემის კვალის რაპირის
ჭრილობა დაუსტამბავი...
მომიწევს, მუზის მსახური
როცა გასცურავს ტონინო,
ნაპირის სევდა კახურის
ტანინით გავატანინო.