Bela Chekurishvili (ბელა ჩეკურიშვილი)
ვაშლის ხეები
ვაშლის ხეები
ჩვენ, ვაშლის ხეები, იმიტომ კი არ ვყვავილობთ,
რომ ველოდებით, ვინმე მოვა და თაიგულად შეგვკონის,
ანდა გვირგვინს დაწნავს და მერე ბალახში წამოგორებული
უდარდელ ფოტოს გადაიღებს;
ჩვენს ვარდისფერ ყვავილობას პატარა ბიჭის სურვილი ჰქვია,
ჯერ კიდევ მწვანე, მჟავე ნაყოფს მარილს რომ დააწებს
და კბილებში აახრაშუნებს.
ჩვენ, ვაშლის ხეები, ძირს დაშვებული ტოტებით
ტირილისთვის კი არ ვემზადებით,
ანდა საყვედურის სათქმელად კი არ დავმძიმებულვართ,
პოეტებს რომ ლექსის საბაბი მივცეთ
და წუთისოფლის ამაოებაზე ვავაგლახოთ;
ჩვენს სიმწიფეს ახალგაზრდა წყვილების წარმოსახვა ჰქვია,
მოკრეფისას რომ გააჟრჟოლებთ
და ალმოდებული გულებით საწოლებისკენ გაიქცევიან.
ჩვენ, ვაშლის ხეებს, ტკბილი სურნელი არასდროს გვტოვებს
კვირტობიდან ფოთოლცვენამდე
და (მან ეს ზუსტად იცის)
მითების და იგავების ცოდვის სირცხვილი კი არ გვაწუხებს,
როცა ზამთრის პირას ვშიშვლდებით,
ჩვენს სიშიშვლეს დედაბრის ბუხრის ზღაპარი ჰქვია,
თოვლიან დღეებს შემწვარი ვაშლი რომ ულამაზებს,
მხატვრები კი, ამას ისე გამოსახავენ,
რომ სიბერე და მარტოობა ჩარჩოს უკან უჩინარდება...