Bela Chekurishvili (ბელა ჩეკურიშვილი)
სალომეა
სალომეა
(მათე 14, 6-11)
„იცეკვე, სალომეა!“
_ ცეკვის მასწავლებელი ზედმეტად მკაცრი იყო
და ჩემი დაღლა არ ადარდებდა,
დედა კი ამბობდა,
რომ ტყუილად ვწუწუნებ,
მაინც არავინ შემიბრალებს.
„როცა შენი ცეკვით
რჩეულ რაინდებს თავს მოაწონებ,
მაშინ გამიხსენებ!“
_ მიმეორებდა ჩემი ცრემლების პასუხად
და სარკეებიან დარბაზებში მარტო მტოვებდა.
გარეთ მზის სხივი წკრიალებდა პალმის რტოებზე
და ფეხებს იქით გაქცევა სურდათ,
სადაც ქალიშვილები კისკისებდნენ ფანჩატურებში
და რაინდებზე ჩურჩულებდნენ დაუსრულებლად.
„იცეკვე, სალომეა,
სწავლა თუ გინდა,
ცისკრიდან მზის მიმწუხრამდე უნდა იცეკვო,
მუსიკა გულმა უნდა უკარნახოს
ფეხებს და მკლავებს,
ყურით კი არა, ტანით ისმინე!
იცეკვე, სალომეა,
სამაჯურები ააჩხრიალე,
ხელებს უფრო მეტის თქმა ძალუძთ,
ვიდრე ბაგეებს,
თავს ნუ ხრი,
მუდამ წინ იყურე,
ზეცას ახედე
და თუკი მზერას
რომელიმე რაინდს მიუძღვნი,
არამცდაარამც არ გაგიკრთეს ღიმილი შუბლზე!“
_ მასწავლებელი შეუვალი და მომთხოვნი იყო
და მეფის ასულზე მზრუნველობა
კიდეც ართობდა.
„იცეკვე, სალომეა,
შენი სხეული მისთვის არის შექმნილი,
რომ სიტყვის უთქმელად დაეუფლოს,
რასაც ისურვებს
და როცა დიდი გოგო გახდები,
მთელ სამეფოს წინ დაგიფენენ ერთი ცეკვისთვის,
ერთი ცეკვისთვის შენს წინაშე
ათასობით თავი მოდრკება,
შენ კი აირჩევ იმ ერთადერთს,
მარადიულ უკვდავებას რომ გაზიარებს.
იცეკვე, სალომეა,
იმ დღის მოსვლამდე კიდევ ბევრი უნდა იცეკვო! “