Gaga Nakhutsrishvili (გაგა ნახუცრიშვილის)
მაწანწალა
მაწანწალა
სახლების სიჩუმეს ნაბიჯის ხმა მოშლის,
მკრთალი ლამპიონი, სველი ქვაფენილი,
იყო სიყვარული, დაკარგული დროში,
ქუჩა, ჩრდილებით და ფოთლით დაფენილი.
მაწანწალას კვალი მიდიოდა ცისკენ,
სადაც მთავრდებოდა მიწის ცრუ სიმხდალე,
მას უყვარდა ქალი და არ იყო მისკენ,
არც ოცნების შუქი და აღარც იღბალი.
ის ხედავდა სიზმრებს, ხშირს და აბდაუბდას,
და, როცა ფხიზლობდა, თითქოს მკითხაობდა,
თუმცა ქარტეხილებს უკვე გადაურჩა,
მაინც არ ამხელდა თავის ვინაობას.
იგრძნო, სხვა ჟამია, მაგრამ ესეც წავა,
ხალხიც შეიცვლება მოდის სიმრავლეში
და აღარ ისურვა, ისევ ემოძრავა,
ჩვენი დედამიწის სიბრტყე-სიმრგვალეში.
ვეღარ აიტანა ერთ ადგილას მარში,
სულ არ დაეძებდა ჩივილს, საყვედურებს,
რადგან მიდიოდა, მაღლა, შუაცაში,
მიდიოდა, ჰქმნიდა ახალ საფეხურებს.