Maya Sarishvili (მაია სარიშვილი)
[ასე არ გამოვა]
Sprache: georgisch
Übersetzungen:
englisch ([It doesn’t work this way]), russisch (Здесь это не срабатывает)
[ასე არ გამოვა]
ასე არ გამოვა —
ტყეც რომ ამოაყირავო,
ერთ ფესვს ვერ იპოვი ვერსად.
საზარელი სიზმარივითაა
მიწაზე დაუმაგრებელი სამყარო.
ქალაქები უბრალოდ დევს ასფალტზე.
გაშეშებული ზღვები
საითაც დედამიწა გადაბრუნდება,
იქით ცურდებიან —
უშველებელი სამართებლებივით
სრიალებენ უკონტროლოდ...
და ყველანი რა მონდომებით,
რა თითო—თითოდ
ვაცლით სხეულებიდან ძველმოდურ ძარღვებს —
სულ მალე
ფუტკრებიც ვეღარ დაკბენენ
ჩვენს როიალებზე შემოსასმელ
ფაიფურის შვილებს...