Maya Sarishvili (მაია სარიშვილი)
სასტიკი პასუხი
სასტიკი პასუხი
თქვენ მეუბნებოდით, რომ იმ ოთხიდან
ორი ბავშვი მაინც უნდა ჩამეძაღლებინა,
მაგრამ მე ვერ ამოვარჩიე — რომელი...
და ამასობაში დაიზარდნენ.
თავის დაცვა უკვე კარგად შეუძლიათ.
ისე ადვილად ვეღარ დახოცავ...
ერთი რომ მყოლოდა,
ოთხივეჯერ მას ვაკოცებდი
და არავინ ეტყოდა, რომ დანარჩენები
იმ სამი კოცნისათვის დაიხოცნენ.
ვერ მოვიქეცი გონივრულად,
ვერ ამოვითხარე სტერილური თოხებით
შვილები — როგორც გლანდები —
და საქმე საბოდიშოდ გავიხადე,
რადგან სულ მეგონა, რომ
თუ დაგიჯერებდით,
მუცელი მაინც გამომეზრდებოდა
და მთელი ცხოვრება
ზუსტად იმდენი ბორცვი უნდა მეტარებინა,
რამდენ ბავშვსაც ტანში ჩავიკლავდი.
და ესენი კი იქნებოდნენ
ბევრად უფრო საშიშნი და მარადიულნი —
ჩემივე შვილების საფლავის ბორცვები.
თქვენ მეუბნებოდით, რომ ამ ოთხიდან
ორი ბავშვი მაინც უნდა ჩამეძაღლებინა,
მაგრამ მე ვერ ამოვარჩიე — რომელი,
და ამასობაში დაიზარდნენ,
ლოყებზე თითები მომაფინეს,
ალაპარაკდნენ...