Diana Anfimiadi (დიანა ანფიმიადი)
ჩემი ფრაგმენტული სამშობლო
ჩემი ფრაგმენტული სამშობლო
1. სიყვარულის შესახებ
თვალგახელილი ძილია ჩემი სიყვარული,
ჩემი ყოველდღე თვალგახელილი ძილი,
თოკზე თვალდახუჭული სიარული
ვით
მარტივია
ოღომდაც გეყოს ძალა -
რომ წამწამები - მიწებებული ცვილით -
ერთხელ დახუჭო
მერე კი შეძლებ, თუნდაც გადადგა მთები
ან მოკვეთილი კიდურები -
გადახერხილი ძვლები.
( აქ საჭიროა სიმძიმის ცენტრი ცვალო)
მტკივნეულია -
ზოგიერთები ძლებენ.
2. სულიკო
„ნივთი განძად ითვლება მაშინ და მხოლოდ მაშინ,
როცა არ არის ცნობილი მისი
მესაკუთრე და დიდხანს იყო
მიწაში ჩაფლული“
( სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 192)
საყვარლის საფლავს დავეძებ!
ცოცხლად დავმარხე,
ცოცხლად დავმარხე,
ვტირი.
მარილის ტყვიის დამიზნება თვალის გუგებში,
ძალიან დიდხანს ვერთობოდით
ამგვარი ტირით,
ერთ დღესაც მითხრა - იქნებ გაგეშვი?
გავუშვი, ახლა ვინ მანუგეშებს?
ცოცხლად დავმარხე
სხვის ოცნებებში მოყიალე მშიერი გმირი.
ცოცხალი სატრფოს საფლავს დავეძებ.
3. იავნანა დედაჩემს
თვალები დახუჭე - ტყუილი უებარი მალამოა.
თვალები დახუჭე - მამა მუშაობს და მალე მოვა.
თვალები დახუჭე - ეს მტვერი ფრთა არის ანგელოზის.
თვალები დახუჭე - ეს ანგელოზია, აგერ რომ ზის.
თვალები დახუჭე - თვალები მილულე და ეს სენიც
გაქრება,
დაიძინე
სიყვარულისაგან დაისვენე.
თვალგახელილი ძილია ჩემი სიყვარული
ჩემი ყოველდღ თვალგახელილი ძილი.