Sviad Ratiani
ცხოვრება ქვებში
ცხოვრება ქვებში
გასაგებია ყველაფერი.
მეც სწორედ მსგავსი სიბრძნეებით ვისულელებდი
ჩემს გულს, მაგრამ გაიწელა -
ეს ჟამი ქვების შეგროვების - სწორად ვამბობ? - ჰოდა ეს ჟამი
უსაშველოდ, სამარცხვინოდ გაიწელა:
შეგროვილია ყველა ლოდი და ყველა კენჭი,
უზარმაზარი გალავანი ამოშენდა
ჩემს გარშემო,
და იმსიმაღლე -
რომც მოვიდეს ჟამი სროლის,
ალბათ ყველაზე მსუბუქ კენჭსაც ვერ გადავაცდენ,
ვერ გადავაგდებ გალავნის მიღმა.
განძრევისაც კი მეშინია - შეიძლება ჩამოიშალონ
ეს ჩემი წლობით ნაგროვები მეტყველი ქვები
და მომსრისონ. ვზივარ უძრავად
და ყველა ქვას სათითაოდ ვათვალიერებ;
ზოგიერთი მიყვარდება,
მაგრამ ვერ ვუმხელ.