Gaga Nakhutsrishvili (გაგა ნახუცრიშვილის)
გამგზავრება და მოლოდინი
გამგზავრება და მოლოდინი
მეგობრებთან არ დალია გრამი,
მოენატრა მარტოობის წამი,
კარი გახსნა, დაიხურა ქუდი,
იყო დილის ოთხის ათი წუთი.
გამგზავრება დაისახა მიზნად,
უცებ თავის ნაბიჯს გაემიჯნა;
მიაკითხა მატარებლის სადგურს,
წასვლა უნდა, რადგან წასვლა არ სურს;
ის ყოველთვის უწოდებდა პროტესტს
სასაცილოდ შექმნილ ავტოპორტრეტს.
დაინახა მატარებლის თვლები,
შეიყვარა ცარიელი გზები.
გზაში შუბლი მიაბჯინა მინას,
როცა წვრილი წამოვიდა წვიმა.
მოგონება შეეხიზნა ლოდინს,
იხსენებდა ის ცარიელ ლოგინს.
გაიხსენა ძველი, მყუდრო ბინა,
შეიყვარა, მერე მოიწყინა.
დაბრუნებას ვერ დაარქმევს სახელს
თვლემს და თვალებს უცაბედად ახელს.
გააწვალებს დაბრუნების ჟინი,
მერე ისევ გზა და მოლოდინი.