Alex Chigvinadze (ალექსი ჩიღვინაძე)
იყვირეთ ადამიანებო!
იყვირეთ ადამიანებო!
იყვირეთ ადამიანებო! -
წამოიძახა ვიღაც ბავშვმა
მეტროს ვაგონში.
ყველამ იქით გაიხედა,
საიდანაც ხმა მოდიოდა.
თითქოს ელოდნენ ამ მოწოდებას.
იყვირეთ ადამიანებო!
დააფჩინეთ შავი გამოქვაბულები
და შეახეთ ენები - ენებს,
ენები - თვალებს,
ენები - ხატებს,
ენები - სასქესო ორგანოებს.
იყვირეთ სახურავებზე, ტაძრებში, ტყეში
ისე ხმამაღლა
რომ კუთვნილი სიმშვიდე
მხოლოდ თქვენ დაგრჩეთ.
იყვირეთ ადამიანებო!
ღმერთი დაყრუვდა,
სამყარო დაყრუვდა,
იმედი დაყრუვდა,
სილამაზე დაყრუვდა,
დუმილი დაყრუვდა
და ნუ ეძებთ იმ ბავშვს
ვინც ეს გიბრძანათ,
ის თქვენს თავში იჯდა,
ის თქვენს ძარღვებში იჯდა,
ის თქვენს ვნებებში იჯდა.
იყვირეთ სანამ
ხმა არ წაგივათ,
ფერი არ წაგივათ,
ძალა არ წაგივათ.
დატოვეთ წარსული
და იყვირეთ სისასტიკე,
ოღონდ სიტყვებს ნუ იყვირებთ
და იყვირეთ ბომბები,
თვითმფრინავები,
იყვირეთ ცები
და ძილები სიზმრებით დატენილი.
ოღონდ სიტყვებს ნუ იყვირებთ
და იყვირეთ ემბრიონებით დატენილი ღვთისმშობლები
და მარტოობით დატენილი ქალაქები.
იყვირეთ გაზეთის ნაგლეჯებით დატენილი
თოჯინის თავები,
მაღლა აწეული ხელები
და იყვირეთ ფერებით დატენილი ღამეები
იყვირეთ ადამიანებო!
თქვენ ისედაც დიდხანს ითმენდით.