Rati Amaglobeli (რატი ამაღლობელი)
ტყე
ტყე
ტყე ტაძარივით იყო მაღალი
ეს ტყე ხშირი არის, მაგრამ ნათელია
თითქოს ტაძარია, თითქოს ათენია,
ტყეში უვნებელი ცეცხლის ხანძარია
ყოველ გამთენია
როცა მზე ამოდის, ჩასვლა მდუმარეა -
აქ ხომ იშვიათად ვინმე სტუმარია.
ფხიზლად მთვლემარეა, თუ დანისლიანდა.
უსასთუმალოა
მისი სარეცელი. გზები ცარიელი
მუდამ წრიულია, სუნთქვა განიერი
სუნთქვა გონიერი - სუნთქვა იოლი აქ.
დავათვალიერე -
ტყეში მრავალია ხეთა კონფესია:
ეს ხე ლაოძია, ის ხე - კონფუცია,
ნაყოფმა სიმწიფით ტოტი ჩამოწია,
ხვავი მოუცია.
ტყეში იზრდებიან ზმნების საწყისები,
სიტყვის საწყისები, სიზმრის საზრისები,
ოქროს საწმისი, თუ უფლის სასმისია -
ხმაა ამ ტყისებრი,
ექო ამ ტყისებრი დროში უწყვეტია,
ვისაც არასოდეს არ მოუწყვეტია
მსგავსი რამ სიტყვები, ტყე, თუ სასიტყვეთი,
ეს უცხოეთია.