Bela Chekurishvili (ბელა ჩეკურიშვილი)
მეწამული
მეწამული
ეს პაპაჩემის ქვევრის ღვინოა,
მისი დიდი, მზითგამთბარი ხელებით დაწურული
და სააღდგომოდ, ჭიქას პურზე რომ წამოუქცევდა,
ერთი წვეთი ქათქათა სუფრას მეწამულ ვარდად დაემჩნეოდა,
ჩვენ კი ტუჩებს გვიღებავდა და გვჯეროდა, დევის სისხლს ვსვამდით,
დევის ძალა რომ გაგვჯდომოდა კნაჭა ფეხებში;
ეს დიდიპაპის ჩოხაა დიდბებიის ძველი სკივრიდან.
გაზაფხულზე, წვიმები რომ გადაივლიდა,
იმ სკივრის გახსნას სამი წყვილი თვალი ისე უდარაჯებდა,
რომ ხანდახან ამოსუნთქვაც ავიწყდებოდათ.
შეჯიბრი კი იმაზე იყო, ვინ პირველი დაინახავდა
ატლასის შავ კაბებსა და ხელით ნაქარგი თავსაფრების თეთრი გროვიდან,
უცებ როგორ ამოფრინდებოდა მეწამული ჩოხის კალთები,
თითქოს სკივრი სისხლით აივსოო,
თავსახურსაც გადაფარავდა და იატაკზე დაიღვრებოდა.
ეს ჩემი ძმის დროშაა,
წაგებული ომებიდან ნაანდერძალი,
”საქართველოს” ძახილით და სიმღერ-სიმღერით
სტუდენტების საფლავებზე რომ აფრიალებდა,
იქ სადაც აღარც საფლავი ჩანდა,
აღარც ტაძარი და არც იმათი გვარ-სახელები,
მაგრამ ისევ და ისევ იქ იღვრებოდა სამსხვერპლო სისხლი.
ეს პირველი ყვავილია,
ზამთრის პირას ჩემს ქალაქში რომ გამოჩნდება
გლეხის ბიჭის ალალი ღიმილით
და შეყვარებულ ბიჭებსაც რომ აიყოლიებს.
დღის ბოლოს კი,
გულზე მიკრული ყოჩივარდებით ვბრუნდებოდი სახლში
და ფაიფურის ლარნაკებში ვანაწილებდი.
ეს ღვთისმშობლის თავმანდილია
შუასაუკუნეების გაცრეცილი ფრესკიდან,
მისი ასლი კი ნათლობის მერე ჩემს საწოლთან ჰკიდია
და სიკეთის მადლით მამხნევებს,
ვიცი, ავსული ვერასოდეს გამეკარება.
ეს შორს მიმავალი მზეა,
ჩემი მარად აღმოსავლური ქალაქის თავზე
ნარის ციხეს რომ გადმოხედავს,
ვიდრე მთის წვერებს გაუყვებოდეს.
და მე ამ ფერს ჯავშანივით მოვირგებ ტანზე
რადგან ასე უფრო ძნელი ვიქნები ჩასაყლაპად
(იოლად ვერ დავიღეჭები),
უფრო რთული - დასამტვრევად
(ძალისხმევად იქნებ არც ვღირდე),
უფრო სახათაბალო - გასასრესად
(ურტყამ, ურტყამ და ფეხებს მაინც ასავსავებს)...
შენ შემხედავ და იტყვი:
გონიერ ქალს მეწამული ტანსაცმელი აღარ შეჰფერის,
გიუბრალოებს იმიჯს და სტატუსს,
რად ეძებ ჯავშანს? იყავი ღია, როგორც მდინარე
და მიმღები - როგორც სარკე ანარეკლების,
გაახილე თვალები ფართოდ,
შემოუშვი ახალი ფერი,
მოიშორე ჩოხაც და დროშაც,
გაშალე მკლავი, შემოიცვი ჭრელი სამოსი,
გაზაფხულობით გაგახარებს ყველა ყვავილი,
და შეგიღებავს ტუჩებს კიდევ ბევრი სასმელი,
რად ხარ ასე შეკუმშული ლოკოკინას ნიჟარასავით?
გაშალე ფეხები,
თამამად, ფართოდ, მწყობრად,
გადააბიჯე...