Bela Chekurishvili (ბელა ჩეკურიშვილი)
ამბავი ჯვრისა
ამბავი ჯვრისა
შენი ჯვარი ვარ, ზურგზე აგკიდეს
და ქანცისგაცლამდე უნდა მათრიო,
სიკვდილს შემახედო, შემახვედრო,
შემახო და ზედ დამაკვდე.
შენი ჯვარი ვარ, მოგესაჯე,
აღარც გახსოვს, როდის იყო, წელში გამართული რომ დადიოდი,
ზურგი არ გტკიოდა და ფეხებსაც მყარად ადგამდი.
დახვალ და მწყევლი,
გაოფლილი, სისხლიანი, მტვერსა და ტალახში ნათრევ-ნაგვემი,
თითქოს შენი თავი არ გყოფნიდა სავაგლახოდ, სადარდებლად.
მე კი, გამიშლია მკლავები და ცას მივჩერებივარ,
დღითიდღე ვმძიმდები და სულ არ მაწუხებს.
ვწევარ და გაყვედრი,
რომ ერთ დროს შრიალა ცაცხვი ვიყავი,
სურნელოვანი, ფუტკარდახვეული,
არც შეყვარებული წყვილების ტკარცალი მაკლდა
და არც ჩაისმოყვარული ქალების ჭორები...
ახლა კი, მხოლოდ შენს კვნესას ვისმენ,
მოუხსნელად, ყანყალით რომ დამატარებ
და დაუსრულებლად გოდებ და მოსთქვამ,
სწორედ ამ ოხვრა-ვაების საპასუხოდ გიმეორებ,
შენ გამო მომჭრეს-მეთქი,
ტოტები ამასხიპეს, ტანი დამიჩეხეს, გამრანდეს,
შემჭედეს და შენი მოსმენა მომისაჯეს.
სწრაფად მაინც იარე, რომ ეს გზა როგორმე გაილიოს,
ამდენ თრევას მეც ვეღარ ვუძლებ,
მინდა წამოვდგე, გავიმართო, მხარი გავშალო.
მერე კი, შენსავით არ ავწუწუნდები,
ჩაგეკვრები და აგზიდავ...