Lia Sturua

georgiano

 

*** [ზოგჯერ, ადამიანს ისე ეჩვევი]

ზოგჯერ, ადამიანს ისე ეჩვევი,
როგორც საგნებს, ან პურს,
ყოველდღიურობას,
ზოგჯერ, აღმოაჩენ და გარბიხარ,
არ გინდა ჩვეულებრივი გახდეს,
მე რომ შემხვდი,
დანაშაულის გრძნობა მჭამდა,
რასაც უცნაურობას ეძახდნენ,
შენ კი წიგნები დაინახე ჩემს თავში,
გადაშალე ერთი მათგანი
და მოკლული პოეტი იპოვე,
მერე კიდევ და კიდევ,
სამძიმარიც მითხარი,
ძალიან მკვეთრი დღე მომაშუქე,
თავმა, შეიძლება, თმით მოგხიბლოს,
მზესთან შეთანხმებული პოზით,
მაგრამ ენცეფალოგრამა არ იტყუება.
ეს გინდოდა, სიმართლეში დარწმუნება,
რომ, სასწრაფოდ, გეშველა თავისთვის,
მაგრამ ვერ წახვედი, ვეღარ გაიქეცი...

© ლია სტურუა / Lia Sturua
Producción de Audio: Haus für Poesie / 2016