Giorgi Kekelidze (გიორგი კეკელიძე)
მონატრება.სოფელი. მონატრება
მონატრება.სოფელი. მონატრება
თანამოსასმენი
Tuxedomoon – soma
მე ვეღარ გეტყვი –
მენატრები.
ეს ისე გაცვდა,
როგორც სევდა,
ბეჭდის მაგიერ რომ გავცვალეთ
და მეძინება.
მეძინება.
ეს სოფელია.
აქ ჯერ ისევ დარჩა ქოხები
და წვიმაც დარჩა
და ცოტა კვამლი
(მომაკვდავი ბუხრის ნაფაზი)
და ჩვენ დავრჩით,
რადგან ქალაქმა,
თამბაქოსავით დაგვღეჭა და გადმოგვაფურთხა –
მღვრიე ასფალტზე მონატეხი სიტყვები გვტკივა
და ერთმანეთთან მისასვლელად
ისევ თვალებს ვიდგმათ ყავარჯნად.
და წვიმა დარჩა,
წვიმამ – ქოხებში,
ახლოს კი, იქვე,
გაზაფხულის წვიმის ქოხებში –
ძველმა მთვარემ გამოუარა.
ახლა ისევ მთვარით ვსველდებით
და გიმეორებ:
ამ გამხმარ ხეებს გაზაფხულის მოსვლა აშიშვლებს,
ზამთარში, როგორც სამოთხეში დგანან ხეები,
ზამთარში, როგორც სამოთხეში დგანან ხეები,
ამ გამხმარ ხეებს გაზაფხულის მოსვლა აშიშვლებს,
და გამხმარ ხეებს კვლავ რცხვენიათ მწვანე თვალების
და მენატრები,
ვეღარ გეტყვი,
რადგან გაცვდა,
როგორც ბეჭედი,
ფიქრის მაგიერ რომ გავცვალეთ
და მეცინება,
მეცინება,
რადგან ეგებ სულაც ჩვენ გავცვდით
და გუშინ,
შუადღეგადამცდარზე,
დედაშენის თეთრ კუბოზე ღამეს ვაყრიდი
და მამაშენის ჭრელ კუბოში
მოშივებულ ჭიაყელას გამოეღვიძა
და დედაშენის თეთრ კუბოში გადაიპარა.