თუ მართლა გიყვარდა, დამარხე!

დამარხე მკვდარი,
ჩქარა, ჩქარა დამარხე მკვდარი.
სანამ ჯერ კიდევ იმას ჩამოჰგავს,
ვინც იყო
და ვინც შენ გიყვარდა.
ეგ მსგავსება ნუ შეგაცდენს,
ნუ დაგაყოვნებს,
გონს მოეგე
და წარსულის სუფთა მიწაში
უძვირფასესი დამარხე მკვდარი.
და რაც უფრო ძლიერ გიყვარდა,
უფრო მეტი გულმოდგინებით უნდა დამარხო.
ჩქარა დამარხე!
სანამ სურნელი, სიცოცხლიდან გადმოყოლილი,
შლეიფივით აიკრიფება და განქარდება,
სანამ მაძღარი მატლი დასცვივა,
უძვირფასესი დამარხე მკვდარი.
აი,  ნიჩაბი!
აი,  კუბო!
აი,  ლურსმანი!
აი,  და დამარხე!
საბანივით შემოუკეცე,
ჩაათბუნე,  ჩაამუდმივე წარსულში და
ნუღარ ამოთხრი.
თუ მართლა გიყვარდა, დამარხე.
თუ მართლა გიყვარდა, ნუღარ ამოთხრი.
სიყვარულის შემძლევ!
სიყვარულის ნიჭზე მცირე ნუგეგონება
უძვირფასესი მკვდრის დამარხვის
ნიჭი და ხელოვნება.

                                      

© Ela Gochiashvili
Audio production: Matthias Unger, 2016