*** (მე პაპაჩემი მძულდა)

მე პაპაჩემი მძულდა და მინდოდა, მომკვდარიყო.
მძულდა მისი წყლისფერი თვალები, როცა მიყურებდა და ვგრძნობდი,
ერჩია, ვინმე სხვა დაენახა.
მძულდა მისი ქუდი, რომელსაც მხოლოდ ძილში იხდიდა
და ბავშვობიდან ვიცოდი, დავისჯებოდი, თუ შევეხებოდი.
მძულდა სახლის სიჩუმე მისი შინ ყოფნისას,
თითისწვერებზე სიარული და სიცილის მოთმენა, როცა ხასიათზე არ იყო.
მძულდა ჯოხი, რომელსაც ძროხებს ურტყამდა და ზოგჯერ ჩემს კატას,
ცული, რომლითაც ტყეში დადიოდა
და ხეებს ხოცავდა
ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, სანამ სიარული შეეძლო.
მძულდა მისი მსუბუქი, მოძრავი სხეული,
რომელსაც ვერაფრით ეწეოდა სიბერე.
და ვფიქრობდი, ვერც სიკვდილი დაეწეოდა.
წელიწადში ორჯერ მიდიოდა ქალაქში მანქანის ნაწილების საყიდლად,
ან რაღაც სხვა საქმის მომიზეზებით.
აუცილებლად შეივლიდა აბანოში და ნავთლუღის ბაზარში,
საიდანაც მოჰქონდა ბევრი უსარგებლო ნივთი
და ჭრელი საკაბეები დედაჩემისთვის.
ერთხელ ყური მოვკარი, ამბობდნენ, რომ ქალაქში ქალი ჰყავს,
და წელიწადში ორჯერ მისთვის მიაქვს ბებიაჩემის გაკეთებული ყველი.
უკან დაბრუნებულს მოჰქონდა ავტობუსების სადგურში ნაყიდი
ძველი, ძნელად დასაღეჭი თაფლაკვერები.
ის თაფლაკვერები ყველაფერს მერჩია და ისე ვჭამდი, არავის გაეგო.
ვჭამდი და ვფიქრობდი, რომ ეს კაცი არასოდეს მოკვდება.
როცა ბებიაჩემი აღარ იყო, ყველა ამბობდა, რომ ძალიან დააკლდა.
მე კი ვფიქრობდი, რომ ასე უკეთესად ცხოვრობს, -
დამთავრდა ყოველდღიური ჩხუბი
მიწამდე დახრილ, ხერხემალზე ცხოვრებაგადაკიდებულ ბებიაჩემთან,
და ზუსტად ვიცოდი, რომ დამნაშავეა -
მასთან მოსული სიკვდილი გააცურა და ჩემი გატანჯული ბებია შეაჩეჩა.
მერე თანდათან მოტყდა.
ტყეში ვეღარ დადიოდა, კიდევ უფრო დამძიმდა და გართულდა.
მე კანი მეწვოდა მისი თვალებისგან
და ყოველდღე ვუყრიდი საჭმელში უზომოდ ბევრ მარილს და წიწაკას,
იმდენად ბევრს, რომ მთელი დღეები ხველება ახრჩობდა.
მაგრამ ხმას არ იღებდა. მიყურებდა და ჭამდა.
და მე ვფიქრობდი, რომ ეს სიძულვილი არის ჩემი ჯოჯოხეთი.
მერე რამდენჯერმე მძაღე ღვინის ძმრით გაჟღენთილი
საზამთროს ნაჭრები ვაჭამე.
ხმა არ ამოუღია.
და ვიფიქრე, რომ ეს არის ჯოჯოხეთზე მეტი
და ჩემს თავში ცხოვრება აღარ შემიძლია.
ბოლოს დაპატარავება დაიწყო.
მეხსიერებაც დაკარგა და მოძრაობის უნარიც.
თოთო ბავშვივით უვლიდა მამაჩემი,
კოვზით აჭმევდა და საფენებს უცვლიდა.
ზუსტად ერთი წელი კვდებოდა,
და როცა ყველაფერი დამთავრდა,
მე დიდხანს მესიზმრებოდა, როგორ ბრუნდება სახლში
საიმედოდ დამარხული პაპაჩემი,
როგორ მიყურებს ღვინის ძმარში დამბალი თვალებით,
როგორ ჩამოსდის ნიკაპზე საჭმლის წიწაკიანი წვენი,
და ვიცოდი, რომ მხოლოდ ამის გამო,
თუნდაც მხოლოდ ამის გამო
ვისაც გავაჩენ, ვერ შემიყვარებს, სანამ არ მოვკვდები.
ახლა ვიცი, როგორ მიყვარდეს.
მიყვარდეს ბობოქარი, მძიმე და უჟმური,
ზუსტად ჩემნაირი პაპაჩემი,
ყველასგან შეუყვარებელი,
ქალაქიდან თაფლაკვერების მზიდავი უჯიშო შვილიშვილებისთვის,
კაცი, რომელმაც იარა, იარა და ბოლოს მაინც ბებიაჩემს მიუწვა
მიტოვებული სოფლის სასაფლაოზე.
ახლა ვიცი, მაგრამ მესამე ზედმეტია,
და ყველა ზედმეტია -
ისინი, ორნი,
ერთად წვანან და იციან, რომ არავინ უყურებს.

© ლია ლიქოკელი / Lia Liqokeli
Audio production: G. Leonidze State Museum of Georgian Literature