მფრინავი

გაფრინდა და მართალი აღმოჩნდა:
შეაქეს, დალოცეს, მოუდრიკეს ქედი.
გაფრინდა მეორედ და კვლავ მართალი აღმოჩნდა:
მიიღეს, არ დაამადლეს პური, წყალი და
სავარცხელი ფრთა-ბუმბულისათვის.
გაფრინდა მესამედ და ამჯერადაც მართალი აღმოჩნდა:
აიტანეს, შეეგუენ.
გაფრინდა მეოთხედ და მტყუანი აღმოჩნდა:
ანგელოზის სულელი პლაგიატორი უწოდეს.
მაინც გაფრინდა მეხუთედ და -
ესროლეს,
მოკლეს.

© შოთა იათაშვილი / Shota Iatashvili
Audio production: G. Leonidze State Museum of Georgian Literature