Paata Shamugia (პაატა შამუგია)
როლების გაცვლა
როლების გაცვლა
მოდი, როლები გავცვალოთ, ღმერთო!
შენ იყავი პაატა შამუგია,
მე ვიქნები ღმერთი!
სულაც არაა ისე ძნელი, შორიდან რომ ჩანს,
უბრალოდ, ცოტა უნდა გახდე, ღმერთო,
თმები დაიგრძელო,
კედები ამოიცვა და სამი კოლოფი სიგარეტი
ჩაკლა ერთ ღამეში.
ცოტა მოსაწყენია, ღმერთო, მაგრამ
თავი ყოველთვის
ჭკვიანად უნდა მოაჩვენო გარშემო მყოფებს
(ამდენი ხნის ნალოლიავებ იმიჯს წყალში ნუ ჩამიყრი)!
შენ ყოველ დილით სტუდქალაქში გაიღვიძებ,
და დროებითი მამაშენის (ყოფილი მამაჩემის)
ზარს უპასუხებ დროგამოშვებით,
არა უშავს, თუ
უსამსახურობის გამო მეათასედ გისაყვედურებს.
მალე მიეჩვევი.
მე ანგელოზებთან ვინებივრებ,
ავითვისებ ღმერთულ მანერებს
და ოზონის ჭუჭრუტანიდან
ჩავხედავ ხოლმე დედამიწას,
ისე, ყოველი შემთხვევისათვის,
ვითომც რამის შეცვლა მინდოდეს,
ვითომც შემეძლოს რამის შეცვლა.
ბოლოსდაბოლოს,
ვითომც ვარსებობდე.