Dato Magradze (დათო მაღრაძე)
- ოსანა...
- ოსანა...
როდესაც პალატი დატოვა პილატემ,
...ღალატი, ღალატი, ღალატი დილამდე...
და ცოდვა პირადი, ცოდვათა პარადი
რწმენის პაროდიით სავსეა პირამდე.
- შემოდი, ვინა ხარ?! - დუმილი...
დუმილი,
დუმილიც დამალე, დამალე და მალე
ანგელოსთ ამალა მოაგნებს სამალავს,
სოსანის ბუმბულებს შეარხევს ფრთოსანი
და კრიალოსანის ძაფია არილი
არილზე ასხმული ცხოვრების მარილი -
- სიტყვები:
- ოსანა, ოსანა, ოსანა...
ჩვენი საუკუნე... საკანის უკუნი...
უკუნის სიმშვიდე, პალატა მეშვიდე
და ცოდვის შვილები - დაუნი, დებილი,
სასტიკი დროება და დაუნდობელი...
კოჭლია კამარა და თაღი დაბალი.
როდესაც პალატი დატოვა პილატემ,
ღალატი, ღალატი, ღალატი დილამდე...
ხელს იბანს ყოველი
მას მერე ვინც არის,
ვის, საით მოელის
შეკრული ფიცარი
და დროის საცერით
გაცრილი ნაცარი,
წყალს მიაქვს ფაცერი
და დანაფიცარი.
ხელს იბანს მოხუცი,
ხელს იბანს ყმაწვილი,
ვის სადაც მოუწევს
ონკანის ნაწილი.
ხელს იბანს ვაჭარი,
ხელს იბანს მოხელე,
ერთმანეთს ამჩნევენ
და მკვლავებს მოხვევენ.
ხელს იბანს ძმობილი,
ხელს იბანს დობილი,
დრო ჩვენგან შობილი
და დაუნდობელი.
ტოვებენ პალატებს,
მისდევენ პილატეს,
დილიდან ღამემდე,
ღამიდან დილამდე...
...და ისმის:
- ოსანა!
- ოსანა!
- ოსანა!...