Dato Magradze (დათო მაღრაძე)
პოეტს +
პოეტს +
პოეტს + ქალი,
პოეტს + ტყვია,
ყველაფერს მკრთალი
სახელი ჰქვია,
მიზანი ვიდრე
აიღებს პოეტს
და დაუმკვიდრებს
ანსა და ჰოეს.
იელვებს უცებ
რიჟრაჟი მკრთალი
კალენდრის ფურცელს
ჩამონათალი.
პოეტს + ქალი,
პოეტს + ვალი,
ვიდრე დაღრღნიან
ხორცით და ძვალით,
დედაარღნიან
მევახშის ვალი,
+ ზეცის ვალი,
+ მიწის ვალი,
ვუალის რიდე...
ოცნების ვალი,
რამდენი კიდევ
სამონათვალი.
პოეტს + ელვა,
ტრფიალი ცალფა,..
ვნებათა ღელვას
+ - ალფა...
საფრენი სივრცე,
ალაზნის ველი...
ფრთა უნდა მისცეს,
შეავლოს ხელი
მოცვეთილ კაბას,
დაკემსილ ნატვრას
გადახდის საბანს
და გაშლის აფრად.
პოეტს + სიმი,
პოეტს + ხემი,
მოწყენა წვიმით,
გასული გემის...
უთქმელი ლოცვა.
ქოლგა და ნისლი,
დუმილით როცა
სათქმელი ისმის.
პოეტს + ვაშლი,
ევას წერს რვეულს...
პომონა გაშლის
ქუჩაში სხეულს,
ეპოლეტს მარშლის
მოიტანს ევა
და მისთვის გაშლილ
რვეულში შევა.
პოეტს + კარე,
პოეტს + ფლეში,
ოჯახის გარეთ
დამწვარი ქეში...
დარეკავს ზარებს,
წამოვა თქეშით
ნაწვეთი მთვარე
გამშრალი მზეში.
პოეტს + წვეთი,
სულ ერთი წვეთი,
ან ცრემლის წვეთი,
თუნდ წვიმის წვეთი
დაუსვამს წერტილს
ფიალას სავსეს,
გადმოვა ჯებირს
და ივლის ასე,
უფალის ნებით,
უვალი გზებით,
პოეტს + ფერფლი,
შეყრილი ზეცას,
რაც შემოეფლით.
შემოეძენძა.
უხილავ გზაზე
მიდის და ხედავს,
რიჟრაჟით სავსე
სიყვარულს ბედავს
და მიდის გზაზე,
სიცოცხლის ხმაზე,
სიკვდილის ზღვარზე,
ხან ფეხით ზღვაზე,
ხან ფრთებით ცაზე,
ექროლოს ასე
ზარიდან ზარზე,
ვიდრე ნეკროლოგს
მისცემენ გაზეთს:
პოეტს + ტყვია,
პოეტს + ქალი...
შერჩება ციაგს
სტრიქონის ნალი,
ვით პროცესიას
მიხაკის კვალი.
აწყდება მინას
ნიავი მთებით:
სამყაროს -
პოეტის ფრთები.
გათლიან ფიცარს,
გათხრიან მიწას,
პურს დასწვეთს ღვინო,
- გთხოვთ, მოუსმინოთ...
... და ვიდრე ფიცარს,
და ვიდრე მიწას
ცის ანგელოსი
კაცისგან იცავს,
ვიდრე შალაშინს
ფიცარი ძვირობს,
მოხვრეპს მარანში
მერანი მირონს,
მოწყენილ სივრცეს
ფრთა უნდა მისცეს,
გზა უნდა მისცეს,
ხმა უნდა მისცეს:
პოეტს + ელვა!
ტრფიალი ცალფა,
გრძნობათა ღელვას
+ - ალფა...