სიზიფეს

ჯერ ქვა მოძებნე

და მტკიცე კვანძის შეკვრა ისწავლე,
თორემ იქ, ხელი ხავსისკენ გაგექცევა და შერცხვები.
ეს ინსტიქტია, ბოლო წუთებში ყველას უჭირს,
და ხანდახან ისეც ხდება, რომ ხავსი მაშველ რგოლად იქცევა
და შენ, გალუმპულს,
ნახევარი ქალაქის თვალწინ მადლობასაც გათქმევინებენ.

ჯერ ქვა მოძებნე

და ჩუქურთმის გათლა ისწავლე,
თორემ კედლებს ისე სწრაფად ამოიყვანენ,  ჯერ მუხლამდე, მერე ყელამდე, 
დაყვირებასაც ვერ მოასწრებ,
ბეტონის ყორეში აღმოჩნდები ჩაშენებული
და შენს ადგილას, ტაძრის ნაცვლად, უსახური გალავანი იდგება ბოლოს.…

ჯერ ქვა მოძებნე

და ფერები გადაარჩიე, ვიდრე ოსტატს ოქროს ბეჭედს შეუკვეთავდე,
იკითხე მათი წარმომავლობა და პოვნის ფაზები:
ზოგი ქვა სმენას ამახვილებს, ზოგი აბრმავებს,
ზოგი გულს ამსხვრევს, ზოგი ნაღველს შლის
 და ზოგიც, სულაც, უმიზეზო ოცნებებს იწვევს...

 ჯერ ქვა მოძებნე,

და ზომები კარგად გათვალე, ვიდრე შვილის გაჩენას გადაწყვეტდე,
თორემ ვინ იცის, მამამ ახალშობილის გადაყლაპვა მოიგუნებოს.
თუ მზად გექნება შეფუთული, დაღებულ ხახას რომ შეაგებო,
იქნებ შეძლო და გადაარჩინო,
თორემ ღმერთები, ხომ იცი რომ საკუთარ შვილებსაც არ ინდობდნენ 
და მუდამ ძლიერის მხარეზე იდგნენ. 

ჯერ ქვა მოძებნე,

და ვიდრე სურვილს ჩაუთქვამდე, კარგად დაფიქრდი,
კიდევ გინდა დაბრუნება ამ ქვეყნად,
სადაც ქვებიც ამდენს მოთქვამენ?

© Bela Chekurishvili
Aus: შეკითხვად სიზიფეს
Tbilisi: Diogenes, 2012
Audioproduktion: Matthias Unger, 2016