- ოსანა...

როდესაც პალატი დატოვა პილატემ,
...ღალატი, ღალატი, ღალატი დილამდე...
და ცოდვა პირადი, ცოდვათა პარადი
რწმენის პაროდიით სავსეა პირამდე.
- შემოდი, ვინა ხარ?! - დუმილი...
დუმილი,
დუმილიც დამალე, დამალე და მალე
ანგელოსთ ამალა მოაგნებს სამალავს,
სოსანის ბუმბულებს შეარხევს ფრთოსანი
და კრიალოსანის ძაფია არილი
არილზე ასხმული ცხოვრების მარილი -
- სიტყვები:
- ოსანა, ოსანა, ოსანა...

ჩვენი საუკუნე... საკანის უკუნი...
უკუნის სიმშვიდე, პალატა მეშვიდე
და ცოდვის შვილები - დაუნი, დებილი,
სასტიკი დროება და დაუნდობელი...
კოჭლია კამარა და თაღი დაბალი.

როდესაც პალატი დატოვა პილატემ,
ღალატი, ღალატი, ღალატი დილამდე...

ხელს იბანს ყოველი
მას მერე ვინც არის,
ვის, საით მოელის
შეკრული ფიცარი
და დროის საცერით

გაცრილი ნაცარი,
წყალს მიაქვს ფაცერი
და დანაფიცარი.

ხელს იბანს მოხუცი,
ხელს იბანს ყმაწვილი,
ვის სადაც მოუწევს
ონკანის ნაწილი.

ხელს იბანს ვაჭარი,
ხელს იბანს მოხელე,
ერთმანეთს ამჩნევენ
და მკვლავებს მოხვევენ.

ხელს იბანს ძმობილი,
ხელს იბანს დობილი,
დრო ჩვენგან შობილი
და დაუნდობელი.

ტოვებენ პალატებს,
მისდევენ პილატეს,
დილიდან ღამემდე,
ღამიდან დილამდე...

...და ისმის:
- ოსანა!
- ოსანა!
- ოსანა!...

© Dato Magradze
Aus: Salve
Tbilissi: Saari Verlag , 2005
Audioproduktion: 2005 Giorgi Darsalia, Parnassus

მაგმა ტუარეგის მკერდში

ჯიბეში მიდევს გერმანული პასპორტი
და ვარ აგადირის აეროპორტში,
ზამთრის მზეში: იდენტურობის ცვალებადობა,
ქურდები ხომ სულ ფეხებში მებლანდებიან,
მონები კი დაჯინებით მითვალთვალებენ.
მომთაბარე ვარ 4-ვარსკვლავიან სასტუმროში.
ოთახში ზღვა ილანდება.
თუ მაქვს სურვილი, წელიწადის დროსაც ავირჩევ.
თავისუფალი დრო, ეპიდემია.
უმუშევარი ჯერაც ტურისტის
უნიფორმაში გამოწყობილი დასუნსულებს
Last-minute-ქვეყნებში – მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ყველასაგან გადაგდებული
მხოლოდ კოკა-კოლას ვჭირდები.
მარაქეშის ჩაის მსმელები კვლავაც მიუბრუნდნენ
გლობალურ ღმერთებს, მე კი უსარგებლო და უადგილო ფორმულა
ყველაფერს და ყველას აღვნიშნავ.

თარგმანი ანდრო ბუაჩიძისა


Übersetzt von Andro Buatschidse