Paata Shamugia (პაატა შამუგია)
კომპრომისი
კომპრომისი
მე მჯერა, რომ ღმერთი ვიხილე
ფოსტის შენობის წინ,
არყის ბოთლით და ჩემი წიგნით ხელში.
მე მჯერა, რომ ეს ყოველივე
ბევრს არაფერს განაპირობებს,
და საგანთა წესრიგი უცვლელი დარჩება.
მე მჯერა, რომ პოეზია
იქცევა კრიმინალურ ქრონიკად
და საინფორმაციო გამოშვების ბოლოს
წამყვანები გალექსავენ ბანკში შევარდნას
ან მკვლელობას ეჭვიანობის ნიადაგზე
ან ჯასტინ ბიბერის საეჭვო ქცევებს
და უფრო მეტად საეჭვო კარიერას
ხოლო ამინდის პროგნოზი
ბუკოლიკური ესთეტიკის ნიმუში იქნება
მე მჯერა, რომ სიყვარული,
გარკვეულ შემთხვევებში, მართლაც არსებობს
თუნდაც, მაშინ,
როცა შენი კოცნა ამდიდრებს
ჩემი სხეულის ექსკლუზიურ ისტორიას
მე მჯერა, რომ ჩვენს დროში
ბოროტების კეთება
უბრალოდ მოსაწყენი საქმიანობაა
და მისით მხოლოდ დეპრესიული ბანკირები კავდებიან.
მე მჯერა, რომ ადამიანს შეუძლია,
მოკვდეს დღეში რამდენჯერმე
(გაცოცხლების პერსპექტივის გარეშე),
რაც სულაც არაა კეთილშობილური საქციელი.
მე მჯერა, რომ სიკვდილი სამარცხვინო კომპრომისია,
და ამიტომაც არ მჯერა მათი,
ვინც მოახერხა, მომკვდარიყო.