Giorgi Kekelidze (გიორგი კეკელიძე)
ომის ოდა
ომის ოდა
ფშაველი ჯარისკაცის წერილი –
სიკვდილი #2
ლ-ს
რ-ს
აქ ახლა ცოტა უფრო გრილა,
მაცვია თითქმის ისევ ისე –
ქუდი დავკარგე და იარაღი.
ჯიბეში ოფლით გარეცხილი პური შემომრჩა.
აქ ოთახები სუფთაა და კედლები თბილი,
ვსვამ ყავას,
აღარ ვიგინებდი,
ცოტას ვეწევი.
ჰო, ასე მოხდა –
შიში დავკარგე,
იმ გაუსაძლის სიცხეებში შიშისათვის არვის ცხელოდა,
არც მიძებნია –
სადღაც უკან დავკრაგე შიში
და მერე მაძღარ მეგობრებზე მივაბიჯებდი,
რომლებმაც ისევ შეიყვარეს ჭამის მერე
ძილი მკვდარივით..
ჰო, ექვსი დღე ტყვიებს ვჭამდით
და მშრალ ცრემლებს ვაყოლებდით,
ყელში გაჩრილი ტყვიები რომ გადაგვეტანა..
ჩვევის საქმეა ჭამის მერე საღათას ძილი,
მე კი ძილი ღამითაც კი ჭირივით მძულდა,
აი, ახლაც კი ვერ გავძელი და გავიღვიძე –
აქ ახლა ცოტა უფრო გრილა,
ღია ფანჯრიდან ქუჩის ფრთხილი ხმაური მესმის
და მეზობლები უნებლიე სიმღერებს თხზავენ.
აქ არვის ვიცნობ.
იმ ფანჯრიდანაც ერთადერთხელ გადმოვიხედე,
შენ გახსოვს როგორ მეშინოდა სიმაღლეების,
ეს შიში ახლაც შემრჩენია –
ამ ფანჯრიდან ისე შორი ჩანან ღრუბლები,
ისე ქვევით ჩანან ღრუბლები,
ისე ქვევით
და ისე შორი.