Bela Chekurishvili (ბელა ჩეკურიშვილი)
Safe mode
Safe mode
დაცული ვარ,
როგორც სიკვდილმისჯილთა საკანი, გლეხის ბეღელი,
ქვრივის ხსოვნა, საკრედიტო ბარათის კოდი,
საიმედოდ, სათუთად, საგარანტიოდ.
ჩვენ შევთანხმდით რეჟიმზე, რომელიც საუკეთესოა,
ოპტიმალური, ნაცადი,
დაცულია ჩემი ალტერ ეგო ღალატისგან,
საშვილოსნო - შვილოსნობისგან, სახლი - აშენებისგან.
დაცული ვარ და სჯობს ასე დავრჩე,
სჯობს სასწორზე მომავალი არ შემოვდო,
ვაითუ გადამწონოს, ვაითუ დავიბნე, ვაითუ გაფანტულობა მომეწონოს,
მე კი ისეთი ძვირფასი ვარ, ერთი მისხალიც არ უნდა მომაკლდეს,
არ უნდა დავნაწევრდე, არ უნდა დავზიანდე.
ვიდრე დაცული ვარ, უვნებელი ვარ და არა საშიში,
არა მომწამვლელი, არა გადამდები, არა მკვლელი, არა მაცდური.
ჩვენ შევთანხმდით ამ რეჟიმზე და ვიცით:
როგორ ავიხვიოთ თვალები, ვიბრუნოთ პირი,
გავწყვიტოთ გზა, შუბლისა და გულის ძარღვები,
მთავარი ისაა,
სიკვდილმისჯილს განაჩენის აღსრულებამდე გავაძლებინოთ,
ხორბალს - ზამთრამდე,
არ შევბღალოთ გარდაცვლილთა სექსუალური მოგონებები,
საბანკო მომსახურების პრესტიჟი.
დილას კი, სერაფიმი ჩამოვიდა და ამბობს,
რომ ზევით, რახანია, არდადეგები დაიწყო...