Maya Sarishvili (მაია სარიშვილი)
მამას
اللغة: الجورجية
الترجمات:
الانجليزية (To My Father), الروسية (Моему отцу)
მამას
მე ვიცი, რაც გაყვირებს ძილში —
შანდლებზე წამოცმული გველები
ენებით გინათებენ ოთახს.
და მართლაც რა საშიშია ეგ მოგუგუნე სიბნელე —
ცბიერი შუქით დაგესლილი...
მე ვიცი, როგორ საპონივით ისვამ ღამღამობით
შენსავე გულს მთელს სხეულზე.
როგორ მონდომებით იცილებ ლაქებს
შენივე გულის ქაფით.
იქნებ, ამიტომაც,
დედა ყოველ ღამით გამოდის ბნელეთიდან
და ვარდებს გირგავს იმ ჩუსტებში,
შენ რომელშიც დილაობით ფეხებს აბიჯებ...
გთხოვ, მიაგენი ჩვენთან სახლში
ჩემს ბავშვობის ხმას.
ალბათ, კანფეტების ყუთთან იქნება სადმე ახლოს.
და თუ მარმელადის გოშია აყეფდეს,
ან რამე ამდაგვარი,
ესე იგი, ჯადო ახსნილია...