Dato Magradze (დათო მაღრაძე)
[პირველ თოვლს უკვე მიეცა ძალა]
[პირველ თოვლს უკვე მიეცა ძალა]
პირველ თოვლს უკვე მიეცა ძალა,
მოულოდნელად მოვიდა თოვლი.
ჭორს ანთებენ და მურავენ ქალაქს
საკვამურიდან დაძრული ბოლით.
რას არ იტყვიან ამ თოვლზე ახლა...
ადრე გათოვდა რადგან ძალიან,
რაც არის შორი, მზერაზე მაღლა,
მისი სიშორე უკვე ბრალია.
რაც ძვირფასია - არ სწყალობს ქუჩა,
რადგან იყვირა ქუჩამ sale-ი,
ვიტრინებს თეთრი მუხლები უჩანს,
ათასი მზერით შემოსეული.
რადგან იყვირა ქუჩამ sale-ი,
მაღალქუსლიან ქოთნის ყვავილზე,
ჭრილობა, - როგორც დანაშაული
საკვამურების ხდება სამიზნე.
რას დასწამებენ ამ ქალის ბისერს,
რომელიც გვიან მოვიდა ბაფთით,
ვერ ეწყობიან ვერაფერს ისეთს,
მიუწვდომელი რაც რჩება მათთვის.
... ხელის მტევნებით მიჭირავს წყალი,
რომ აირეკლოს პირველი თოვლი...
და თითებშუა გაქცეულ ღამეს
უყეფს ქალაქზე დამდგარი ბოლი.