Bela Chekurishvili (ბელა ჩეკურიშვილი)
პოეტები ნაბიჯებს არ ითვლიან
პოეტები ნაბიჯებს არ ითვლიან
“პოეტები ნაბიჯებს არ ითვლიან”
- ქართული გამოთქმა
ისინი ითვლიან
სტრიქონებს და სიტყვებს სტრიქონებში და მარცვლებს სიტყვებში.
ითვლიან,
სად შეჩერდნენ, შეისვენონ, სული მოითქვან, დაიჩივლონ, ამოიკვნესონ, გაორმაგდნენ, სახე იცვალონ,
ითვლიან და ზომავენ,
როგორც ანტიკური ხუროთმოძღვრები, შუა საუკუნეთა ალქიმიკოსები, ბანკირები, მევახშეები, ბაზრის ჩარჩები, სადაზღვევო კომპანიის ოფიცრები, თერძები.
ისინი ითვლიან
ემოციებს, ვნებებს, ქარიზმებს, თვითმკვლელობებს, მეგობრებს, კახპებს, მნიშვნელოვან და უმნიშვნელო ადამიანებს, ქუჩის დღეებს, სახლის ღამეებს,
ითვლიან და ზომავენ
როგორც კენჭებს, რიყის ქვებს, ნათალ ლოდებს, მარმარილოს, გრანიტს, აგურებს,
რომ მერე ზუსტად მოარგონ და ამოაშენონ
თავშესაფრები, ტაძრები და სიმაგრეები
გასაქცევად, დასახუჭად, დასამალად, სააღმსარებლოდ...
მერე კი, ზოგჯერ, ისე ხდება,
ეს ტაძრები, სახლები და სიმაგრეები
სხვებისთვისაც თავშესაფრად იქცევა
და მაშინ უკვე აღარავის ახსენდება,
საშენ მასალად ვინ (რომ) გამოიყენეს,
დაჭრეს, გარანდეს, გათალეს თუ ჩაადუღაბეს...
...
სასკოლო სახელმძღვანელოებში ამ ყველაფრის განმარტებად წერია: ლექსი.