Lia Sturua (ლია სტურუა )
მომატყუეთ
მომატყუეთ
მომატყუეთ,
ისე, რომ დავიჯერო.
აგურისფერი ქარით გაამაგრეთ ტყუილი
თეთრი წიწილებით
(სახლი და ფრთა).
ოღონდ, ამ საქმეს რომ დააპირებთ,
ასე ჩვიდმეტი წლის უნდა იყოთ,
ტყუილი ისეთი სიმართლით იწყება,
50 და 60 წლის ასაკში რომ ვეღარ გექნება.
მოზარდის გოთიკიდან დამიწებულ
ერთსართულიან ისტორიებამდე.
ნახევარი რომ დავრჩები,
წინა ნაწერში თავის ჩაწურვისგან,
რამდენიმე აგურით და კვერცხის ცილით ამომაშენეთ,
(სახლი და ფრთა).
სულ ჩვიდმეტი წლისა იყავით!
მეხსიერებაზე საშლელი, გამოცდილება ფრჩხილებში.
მომატყუეთ,
ევთანაზიის მცდელობისთვის ზოგჯერ კი სჯიან,
სამაგიეროდ რა ცა შედის ლურჯ ვენებში?