Paata Shamugia (პაატა შამუგია)
გაიქეცი
გაიქეცი
(ნაწყვეტი პოემიდან „უპირატესობა“)
გაიქეცი! - მიყვირიან ისინი
მათი მნიშვნელობები მოქნილია,
როგორც ტკივილი,
და კონკრეტული, როგორც შუქნიშანი
და ყველა მათგანს აქვს საკუთარი მრავალი სახე,
რომელიც ჩემი მრავალი თვალით დავიმახსოვრე.
და როცა
ჩემი შიში ჩემზე დიდი ხდება
და სანქცირებულ სიზმრებს ვხედავ,
და ქარს ვხედავ ხეების თავზე,
ისინი მოდიან და მათი მრავალი სახიდან
გადმოსული მრავალი ღიმილი
სახეზე მეყრება
და აღვიძებს ჩემს ხსოვნას ღმერთზე,
რომლის სახელიც გადამავიწყდა
და ყველა ჩემი მისდამი წერილი
მისდის მავან სკლეროტიკ ბებერს,
რომელიც თავის ჯვარცმულ შვილზე
მწერს ბანალურ ისტორიებს.
გაიქეცი! - მაჯანჯღარებენ.
ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დამთავრდეს
ეს სრულიად ბანალური დრამა.
და აი, გავრბივარ
და ყველგან, სადაც ჩემი ჩრდილი შეაღწევს,
მხვდებიან სხვები,
თითქმის სხვები
და უფრო სხვები
და უკიდურესად კონკრეტული ნივთები
და ხორკლიანი მოგონებები,
რომელიც ჩემმა სხეულმა დაიმახსოვრა
და შემხვედრ სხეულებს უნაწილებს,
როგორც გამოსავალს.
მე გავაუქმე ყველა ჩემი მნიშვნელობა
და არც ერთი ჩემგანი აღარ არის ასე საშიში
დღეს უსაფრთხო ვარ,
როგორც მკვდარი მოწმე,
როგორც უშნო შედარება.